ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობეზე 181 განაცხადი შევიდა. ამ დროისათვის მათი განხილვა მიმდინარეობს.
როგორც “მეცხრე არხს” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა მიქაძემ განუცხადა, საკონკურსო კომისია 24 მარტს შეიკრიბა და განაცხადების რაოდენობა დაითვალა, რის შემდეგაც მათი ნაწილის განხილვა მოხდა, ნაწილს კი საკონკურსო კომისია კვირის ბოლომდე განიხილავს.
ნანა მიქაძის განმარტებით, ათამდე მონაწილემ კონკურსის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და მას ავტომატურად გამოეთიშა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში, მონაწილეებთან გასაუბრება მომავალი კვირიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის გამგეობაში კონკურსი 4 და 5 მარტს 42 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა. მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანებების რწმუნებულების, გამგეობის 4 სამსახურის უფროსისა და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამახურის თანაშრომელთა პოზიციებზე.
ასპინძის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისია თებერვლის ბოლოს შეიქმნა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება, მას საკრებულოს თავმჯდომარე ალიკა მელიქიძე ხელმძღვანელობს.
მუნიციპალიტეტში შექმნილია საპრეტენზიო კომისიაც, რომელიც 5 წევრისაგან დაკომპლექტდა და მისი თავმჯდომარე გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილია.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნულის გარდა, სხვა თანამდებობებზე კონკურსი ეტაპობრივად გამოცხადდება.
You must be logged in to post a comment.