26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის მიმართ განაჩენი დღეს, 15:00 საათზე გამოცხადდება. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულებულია.
დაცვის მხარემ გუშინ დასკვნითი სიტყვა წარადგინა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს. ბრალდების მხარემ რეპლიკის დროს მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენისკენ მოუწოდა.
პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ სხვა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის მიმართ ძალის გამოყენება ვეღარ შეძლოს.
“გაცვდა რუსეთის თემით მანიპულირება და იმაზე საუბარი, რომ მომიტინგეები მოძალადეები იყვნენ და 26 მაისს არ მომხდარა მიტინგის დაშლა. ეს იყო თანამემულეების ალყაში მოქცევა, დარბევა და მასობრივი დაკავება. სასამართლოს ნუ დაავიწყდება, რომ როდესაც ვანო მერაბიშვილმა გასცა ალყაში მოქცევის ბრძანება, მისი მიზანი იყო, მომიტინგეებს სურვილი აღარ გასჩენოდათ აქციების განახლების”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მან მოსამართლეს მოუწოდა – ნუ მოექცევა “ტელეშოუს გავლენის ქვეშ, რომელსაც სასამართლოზე ჰქონდა ადგილი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის დროს”.
“გთხოვთ გამოიტანოთ გამამტყუნებელი განაჩენი და შექმნათ პრეცედენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამ განაჩენს ელოდება ათასობით ადამიანი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პროცესზე განცხადება დაცვის მხარემაც გააკეთა. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, იგი გაცვეთილად ნამდვილად ვერ შეაფასებდა რუსეთის თემას და მომიტინგეებიდან ძალადობრივ ქმედებას.
“ის, რომ აღლუმი არ უნდა ჩატარებულიყო და მომიტინგეები მის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ეს თემა ვერასოდეს გაცვდება. 26 მაისს ადგილი ჰქონდა დესტაბილიზაციის მცდელობას”, – განაცხადა ადვოკატმა.
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარდგენილი ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
You must be logged in to post a comment.