,,ახალციხის მკვიდრი, სოციალურად დაუცველი მამაკაცი, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს, ვალების დასაფარად თირკმელს ყიდის. მის სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.
სოციალური დახმარება 2009 წელს დაენიშნა, მაგრამ გასული წლის დასაწყისში გაურკვეველი მიზეზების გამო შეუჩერდა. როგორც ამბობს, მას შემდეგ, რაც მიზეზების გარკვევა სცადა, მასთან სოც. მუშაკები მივიდნენ, ხელახლა შეამოწმეს საცხოვრებელი პირობები და ორი თვის შემდეგ დახმარება აღუდგინეს.
– ,,სამწუხაროდ, დახმარება ისევ შემიჩერეს…. ხელახლა დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში ავიღე გაორმაგებული თანხა 110 ლარი. შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს, რომ შეეშალათ და თანხა უკან დამაბუნებინეს. ფული რომ არ მქონდა 500 ლარი კრედიტი გამოვიტანე და გადავიხადე. ეხლა კრედიტსაც ვეღარ ვიხდი. ოთხი თვის განმავლობაში ჯართს ვაგროვებდი და ვაბარებდი ახლა ამასაც ვეღარ ვახერხებ.’’
როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილების (თირკმლის გაყიდვის) შედეგებზე მეტად, უფულობაზე, შიმშილზე და გაჭირვებაში სიკვდილზე ფიქრობს. დახმარების სათხოვნელად შესაბამის უწყებაში მისვლას არ აპირებს, რადგან თვლის რომ აზრი არ აქვს. –,,რა დახმარებაც მქონდა ისიც მომიხსნეს და ვის უნდა მივმართო, ან რა აზრი აქვს? თირკმელში იმდენს ხომ მომცემენ, რომ კრედიტი დავფარო ….. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ, საარსებოდ რამე რომ მქონდეს ამას არ გავაკეთებდი.”
ინფორმაციას მამაკაცის შესახებ, რომელმაც უსახსრობის გამო თირკმელის გაყიდვა გადაწყვიტა, ინტერნეტ სივრცეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

You must be logged in to post a comment.