ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის ცენტრის თანამშრომლებმა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა და კულტურის მენეჯერმა ელენე ბაბაკიშვილმა საქართველოს 14 რეგიონული თეატრის: გორის, რუსთავის, მესხეთის, ფოთის, ბათუმის დრამატული და ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრების, თელავის სენაკის, ხულოს, ოზურგეთის, ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონი, ზუგდიდის თეატრების მუშაობა შეისწავლეს.
კვლევების მიხედვით, ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონულ თეატრებში მწირი ფინანსები, ტექნიკური გაუმართაობა და დასის დაბერებაა, – ასეთია კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ყველაზე წარმატებული შედეგები ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრს აქვს.
კვლევაში „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“, რომელიც 2013 წელს ჩატარდა, რეგიონული თეატრების წარმატებებზე, მიღწევებზე, მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე, წინააღმდეგობებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზეა საუბარი.
კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ყველაზე მეტი – 407 სპექტაკლი ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში დაიდგა, გორის თეატრმა – 246, მესხეთის თეატრმა 173 სპექტაკლი, ქუთაისის თეატრმა 81 სპექტაკლი წარუდგინა მაყურებელს. ასზე ნაკლები სპექტაკლი სამმა – ზესტაფონის (78), თელავის (43) და ყველაზე ცოტა 7 წარმოდგენა რუსთავის თეატრმა განახორციელა.
ყველაზე მეტი შემოსავალი გამართული სპექტაკლებიდან სამი წლის განმავლობაში ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა მიიღო, თანხამ 106 ათასი ლარი შეადგინა. ბათუმის დრამატულმა თეატრმა 60 ათასი ლარი, ზუგდიდის თეატრმა 48 ათასი, მესხეთისა და თელავის თეატრებმა, შესაბამისად, 27 და 35 ათასი ლარი შემოსავალი მიიღეს.
მაყურებელთა დასწრების მიხედვით, ისევ ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი ლიდერობს. თეატრს 2010-2013 წლებში 49 800 მაყურებელი ესტუმრა. ამავე ქალაქში მდებარე ბათუმის დრამატულ თეატრს 6649 ადამიანი სტუმრობდა.
სხვა თეატრებიდან – ზუგდიდის, სენაკისა და ოზურგეთის თეატრების დადგმული სპექტაკლებს ჰყავდა ბევრი მნახველი. ყველაზე ნაკლები 1613 მაყურებელი რუსთავის თეატრს ჰყავდა.
You must be logged in to post a comment.