ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 32,05 %-მა (1,133,753 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც 15:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას განუცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა (46,7 %) და გურიაში (39,9 %) ფიქსირდება.
ეკატერინე აზარაშვილმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ცესკოს წერილობით მომართა ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა დავით საგანელიძის საინფორმაციო ბრიფინგის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ბრიფინგის ფონზე დაფიქსირდა პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა და ცესკოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ითხოვდა, – ”შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ აგიტაცია კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობაში, ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. ყველა სხვა შემთხვევაში აგიტაცია არ იკრძალება” – აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში 17:30 სთ-ზე გაიმართება.
You must be logged in to post a comment.