
დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ეგზიტპოლი წინასწარი მონაცემია, თუმცა სურათის დანახვა უკვე შესაძლებელია.
ბაქრაძის თქმით, მიუხედავად პარტიის საწინააღმდეგო ერთწლიანი კამპანიისა, ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა მხარი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირა. მისივე განცხადებით, პარტიის გენერალური მდივნის პატიმრობაში ყოფნისა და არაერთი წევრის მიმართ სამართლებრივი დევნის მიუხედავად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცა, რომ ვითარდება.
“ამ ყველაფრით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალა. ამდენად, ეგზიტპოლის შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყნისა და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვიქნებით, ვაღიაროთ ის შედეგი, რომელიც ცსკ-ის მიერ ხმების დათვლის შემდეგ დაიდება”, – განაცხადა ბაქრაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდტმა ქართველ ხალხს მშვიდობიანი არჩევნები მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით გამარჯვებული მთელი ქვეყანა დარჩა.
“არსებული სურათიდან გამომდინარე, უკვე ნათელია დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულიც, ამიტომ ვულოცავ ბატონ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, იმ ნდობას, რომელიც მას ქართველმა ხალხმა გამოუცხადა. ვუსურვებ, რომ ეს ნდობა გაკეთებული საქმით გაემართლებინოს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
You must be logged in to post a comment.