
მინარეთის აღდგენის მოთხოვნით ჭელის მოსახლეობამ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა. წერილობითი დოკუმენტი ადგილობრივ თვითმმართველობაში ჭელელმა მუსლიმებმა და სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ პარასკევს დღის 4 საათისათვის შეიტანეს.
,,ჭელის მუსლიმი მოსახლეობა, მეჩეთის დაკანონებასა და მინარეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვს, მათ გამგეობაში შემოიტანეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ტერიტორია, სადაც მეჩეთი დგას, ადგილობრივი მაცხოვრებლის ოთარ ჩოგაძის კუთვნილებაშია. ჩვენ განცხადების საპასუხოდ სამდღიანი ვადა გვაქვს, რის შემდეგაც მოსახლეობას საპასუხო წერილს გავუგზავნით სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარგდენის მოთხოვნით და ამის შემდეგ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“ –აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი.
საკითხთან დაკავშირებით ,,მეცხრე არხი“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთს ჯემალ პაქსაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ,,ექოსთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა, ადგილობრივ თვითმმართველობაში განცხადება შეიტანა და პასუხს ელოდება. ჯემალ პაქსაძე აცხადებს, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამგეობაში წარადგინეს, ყოველგვარი იურიდიული წესის დაცვით მომზადდა და შესაბამისად საკითხთან დაკავშირებით დადებით პასუხს ელოდება.
,,ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენ შევიტანეთ განცხადება , მოწესრიგებულია ყველანაირი იურიდიული მხარე, ველოდებით დადებით პასუხს და ეს ასეც უნდა იყოს“ –განმარტავს ჯემალ პაქსაძე.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა საკითხი კვლავ, რელიგიურ დაპირისპირებას ამაზე მუფტი აცხადებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება ,,მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მეუფეებს, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მეუფე თეოდორეს, იმედი მაქვს რომ არანაირი დაპირისპირება არ მოხდება, ჩვენ ტოლერანტულები ვართ და ყოველგვარი არეულობა გამორიცხულია. პოლიტიკური მიზნით ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპირდეთ და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას. რაც შეეხება მინარეთს , აღდგენის შემდეგ იქიდან არანაირი მოწოდება არ იქნება, ამაზე შეთანხმებულები არიან იქაური ქრისტიანები და მუსლიმები. ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება, ისევე როგორც ეს წლების განმავლობაში იყო“ –აცხადებს ჯემალ პაქსაძე.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადიგენის გამგეობა და საკრებულო საკითხთან დაკავშირებით, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
You must be logged in to post a comment.