ამ წუთებში ახალციხის რაიონულ სასამართლოში შ.პ.ს „ტაოს“ დამფუძნებლის ლევან თუმანიშვილისა და მისი ყოფილი საფინანსო საქმეთა მწარმოებლის თენგიზ ფარცახაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალმდებელი მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ლევან თუმანიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო თენგიზ ფარცახაშვილს – 1 000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
მათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 210–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, უკვე ბრალი მეორედ წაუყენა, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებასა და გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4–დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
ბრალმდებელ მხარეს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი რევაზ მამადაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც აღმკვეთი ღონისძიებით სახით თენგიზ ფარცახაშვილისათვის გირაო 5 000, ხოლო ლევან თუმანიშვილისათვის 50 000 ლარის ოდენობით შეფარდება მოითხოვა.
თავად ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.
„არავითარი დანაშაული მე არ მიმიძღვის. მე ვარ ვანო მერაბიშვილის ბიძა. ესაა ჩემი ერთადერთი დანაშაული მთელი ქვეყნის წინაშე“ – განაცხადა სასამართლო დარბაზში ლევან თუმანიშვილმა
ბრალდებული მხარის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. მათი განცხადებით, ლევან თუმანიშვილის ბრალის დასდამტკიცებლად ეს მიზანმინართული კამპანიაა.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს, 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
You must be logged in to post a comment.