მინარეთის დემონტაჟი და ხმაური ადიგენსა და ახალციხეში. 26 აგვისტოს სოფელ ჭელამდე მისასვლელი ცენტრალური გზა და კიდევ ორი შემოვლითი გზა ,,ექოს“ გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა. სამართალდამცავები მედიასთან გზის გადაკეტვის მიზეზებზე არ საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ აღნიშნულის შესახებ მათ ზემოდან უბრძანეს. ჭელასთან ერთად გადაადგილება შეუძლებელი იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ 7 სოფელში, მედიისა და ავტომანქანების გარდა სოფლებში არ უშვებდნენ ქვეითად მოსიარულეებსაც. ჭელისკენ მიმავალი გზა სამართალდამცავებმა მინარეთის დემონტაჟის გამო გადაკეტეს.