ამ წუთებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მშვიდობიან აქციას მართავს მართმადიდებელი მრევლი. დაბის ცენტრში 300–მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი ჭელაში, მინარეთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ. აქციაზე ადიგენის იმ სოფლების მოსახლეობა იმყოფება, სადაც მაცხოვრებელთა უმრავლესობა აჭარიდან ეკომიგრანტი მუსლიმები არიან. ამბობენ რომ აღნიშნულ სოფლებში რელიგიურ უმცირესობას მართმადიდებლები წარმოადგენენ და მათი უფლებები ირღვევა. ,,ჩვენ ამ გამოსვლით, ჩვენი უფლებების დაცვას მოვითხოვთ, წლების მანძილზე კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდა აჭარიდან ჩამოსახლებულ მუსლიმებთან, ზედა ზონაში თითქმის ყველა სოფელში დგას მათი სალოცავი. მივეცით საშუალება, რომ აეშენებინათ ეს სალოცავები, რადგან მორწმუნე ადამიანი ცუდს არ გააკეთებს, თუმცა მათ დინამიკები დააყენეს მეჩეთებზე, როგორია როცა ხატებთან ზიხარ შენთვის ჩუმად ლოცულობ და მოლის ხმა ისმის? რამოდენიმე წელია შეწუხებულები ვართ, უმცირესობაში ჩვენ ვართ. მოვითხოვთ გონზე მოვიდნენ აჭარლები და პატივი გვცენ ჩვენც” –აცხადებს აქციის მონაწილე პაატა ბლიაძე. მართმადიდებელი მოსახლეობის აქცია დაბის ცენტრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ადიგენში იმყოფება ,,ექოს” გადამღები ჯგუფიც, დეტალებს პერიოდულად მოგაწვდით. აქციაზე მობილიზებულია პოლიციაც.
You must be logged in to post a comment.