”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რაბათის თემასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო პრეზიდენტს პასუხობს

rabatiსაქართველოს კულტურის სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. “11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ახალციხის რაბათის დანგრევასა და რაბათის აჰმედიეს მეჩეთზე ოთხი მინარეთის დაშენებას აპირებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. რაბათის ტერიტორიაზე არც ნგრევაა დაგეგმილი და არც მინარეთების დაშენება, განზრახულია მხოლოდ 2012 წელს აჰმედიეს მეჩეთის რეაბილიტაციისას დაშვებული იმ რამდენიმე ხარვეზის გამოსწორება, რომელმაც შელახა ძეგლის ავთენტურობა და სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პრეზიდენმა იმავე განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა: “საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ნიღბავს თავის დაუოკებელ წყურვილს, რომ დაანგრიოს რაბათი მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ვანო მერაბიშვილის და ჩემი აშენებული”. ამ სიტყვებით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უახლოეს წარსულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმნიშვნელოვანესი საკითხები ცალკეულ პოლიტიკოსთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე წყდებოდა და არა ამ დარგის სპეციალისტთა ერთობლივი, შეჯერებული დასკვნის ნიადაგზე.
ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, კრიზისული ვითარება შექმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რის გამოც დარგში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისას საქართველოსკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მრავალ დაბრკოლებას აწყდება.
ერთ-ერთი ასეთი დაბრკოლებათაგანია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღემდე სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა მიმდინარე წლის 29 მარტს მიღებული ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. სწორედ ხელშეკრულების დროულად გაფორმებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქართველ ექსპერტთა ჩართვა იშხანსა და ოშკში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესებში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უწყებათაშორისი კონსულტაციის ფორმატის შესაბამისად, შეიმუშაოს კომენტარები ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით, რათა დასრულდეს დოკუმენტზე მუშაობა და, საბოლოოდ, შესაძლებელი გახდეს ამ ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული ჩვენი ზიარი კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი დაცვა”,-ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Information

This entry was posted on 12/07/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე