”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გაყიდული ტბა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

Sequence 01     ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მდებარე ტბით ადგილობრივი მოსახლეობა სამი წელია ვეღარ სარგებლობს. 2010 წელს ფორმალურ აუქციონზე გაყიდული ტბა, ამ დროისათვის, კერძო საკუთრებაშია.

მოსახლეობა ირწმუნება, რომ სომხეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ის უკანონოდ მიისაკუთრა.

აღნიშნული ტბით, სამი წლის  წინ ორი მიმდებარე სოფელი – ტაბაწყური და მოლითი სარგებლობდა. 400–ზე მეტი ოჯახის შემოსავლის წყარო ძირითადად, ტბაში დაჭერილი თევზის რეალიზება იყო. ადგილობრივები აცხადებენ, ზამთარი 7 თვის განმავლობაში გრძელდება და თევზჭერის გარდა, სოფლის მეურნეობის სხვა დარგით თავის გატანა შეუძლებელია.

ტბით სარგებლობის ლიცენზია შ.პ.ს „ტბებმა“, სამი წლის წინ მიიღო. მისი მეპატრონე ტაბაწყურში დაბადებული, ამ დროისათვის კი სომხეთის მოქალაქე  ვართან აივაზიანია. მან  სოფელში კიბორჩხალების ბიზნესის განვითარება გადაწყვიტა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ მეპატრონემ ლიცენზიით მინიჭებულ უფლებას გადააჭარბა და 2 ტონის ნაცვლად ტბაში 18 ტონა კიბორჩხალა გაუშვა. ადგილობრივების თქმით, ამის გამო ტბაში თევზი ნადგურდება.

შ.პ.ს „ტბებს“ ტაბაწყურის ტბით სარგებლობაზე 20 წლიანი ლიცენზია აქვს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობის მოთხოვნები არაკანონიერია. მისივე   თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს თევზჭერა აკრძალული აქვს, ისინი ტბაში მაინც თევზაობენ. რაჩიკ სუმბათიანი ტაბაწყურის მკვიდრთა ბრალდებას, ტბაში კიბორჩხალების დიდი რაოდენობით გაშვებასთან დაკავშირებით,  უარყოფს. თევზის განადგურებაზე კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.

დავა ტაბაწყურის ტბასთან დაკავშირებით უკვე 3 წელია გრძელდება. მოსახლობა ტბის გადაცემას მოითხოვს, თუმცა თავის მხრივ, შ.პ.ს „ტბები“ მის დათმობას არ აპირებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით  სარჩელი სასამართლოშია შეტანილი, რომლის მეშვეობითაც ეცდებიან, ერთადერთი შემოსავლის წყარო დაიბრუნონ.

Information

This entry was posted on 12/07/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე