ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, გაზეთი “ასპინძის მაცნე” გაუქმდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე მიიღეს.
აღნიშნულმა საკითხმა, რედაქციაში მომუშავე ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ისინი ამბობენ, გაზეთის “ლიკვიდაციის” შესახებ განცხადება, გამგებელმა წინა კვირაში წარუდგინა საკრებულოს და ამ დრომდე განიხილებოდა.
“სამანდატო კომისიის წევრებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს გაზეთის ლიკვიდაცია, რამაც ჩვენი უკმაყოფილება გამოიწვია. “მაცნეს” ლიკვიდაციის მიზეზად გამგებელმაც და კომისიის წევრებმაც გვითხრეს, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის, თუმცა 2013 ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული წლის ბოლომდე გაზეთის დაფინანსება. მე იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში ჩაერთვებიან ის ადამიანები, ვისთვისაც ,,ასპინძის მაცნეს” მუშაობა ღირებულია” –განაცხადა “მე–9 არხთან” სატელეფონო საუბარში გაზეთის რედაქტორმა.
ნანა გეწაძე ამბობს, რომ გაზეთის გაუქმების მიზეზად, ფინანსური პრობლემების დასახელება უსაფუძვლოა.
დღევანდელი კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ,,ასპინძის მაცნეს” ჟურნალისტმა თეონა ოთანაძემ.
,,ერთადერთი წყარო, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა ადგილობრივ თვითმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას იგებდა აუქმებენ. როგორც ჩანს ახალი ხელმძღვანელი პირებისათვის სულერთია, მოსახლეობამ იცოდეს რა ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტში. ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ასპინძის მოსახლეობას არ ქონდეს ინფორმაციის მიღების პრობლემა” –განაცხადა “ექოსთან” სატელეფონო საუბარში ასპინძის გაზეთის ჟურნალისტმა თეონა ოთანაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ექო” სამანდატო კომისიის თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. ალიკა მელიქიძე ამბობს, რომ კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გაზეთის გაუქმების შესახებ. ,,საკითხს საკრებულოს სხდომაზე გავიტანთ და ოფიციალურად ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს. გაზეთის გამოცემის შეჩერების მიზეზად გამგებელმა ფინანსური მდგომარეობა და ახალი სამსახურის ჩამოყალიბება დაასახელა. ეს იქნება სამელიორაციო სამსახური, რომელიც ასპინძაში სარწყავი არხების გაწმენდასა და მოვლას მოემსახურება “– ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამანტდატო კომისიის თავმჯდომარე ალიკა მელიქიძე.
გაზეთი ,,ასპინძის მაცნე” მუნიციპალიტეტში 2010 წელს დაფუძნდა, სადაც 7 ჟურნალისტი მუშაობდა.
You must be logged in to post a comment.