ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქცია გრძელდება. აქტივისტები მოსამართლესთან ჟურნალისტების შეხვედრას ითხოვენ. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, ამ დროისათვის გოჩა ჯეირანაშვილი სასამართლო პროცესზე იმყოფება, რის გამოც აქტივისტების მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება.
აქციის მონაწილეებმა სასამართლოს კარი რამდენიმე ცოცხით ამოქოლეს. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე მათ მოთხოვნას 18:00 საათამდე არ დააკმაყოფილებს, აქტივისტები ხვალ, სასამართლოს შესასვლელს ხის მასალით აჭედავენ და თანამშრომლებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. გარდა ამისა, იმუქრებიან შიმშილობის დაწყებითაც.
ამ წუთებში აქტივისტები ტრანსფარანტებით ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილდებიან. ისინი აცხადებენ რომ პროტესტის ნიშნად ბორჯომშიც ცენტრალურ გზას გადაკეტავენ და ტურისტული სააგენტოების მუშაობას შეაფერხებენ.
სასამართლოს შენობას აქციის წევრებმა ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე ახალციხის საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ამ დროისათვის სასამართლოში არცერთი პროცესი არ ჩაშლილა.
შეგახსენებთ, რომ აქციის წევრები ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად დაკავებული ოთხი პიროვნების გათავისუფლებას აპროტესტებენ.
You must be logged in to post a comment.