”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლე პროკურორს ურჩევდა, ბრალდებულებისთვის მათი გათავისუფლების პირობით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა

პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლე პროკურორს ურჩევდა, ბრალდებულებისთვის მათი გათავისუფლების პირობით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა
პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის პროკურორ გივი პაპუაშვილს ურჩევდა, პირის დამცირებაში, არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში ბრალდებული პირებისთვის მათი გათავისუფლების პირობით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა.
ამასთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადება გაკეთდა, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ”:
“გუშინ, 2013 წლის 3 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონიძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ. ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში. ბრალდების არსი მდგომარეობდა შემდეგში:
1. 2009 წლის 1 იანვარს დაბა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის გამო ადგილობრივმა პოლიციამ რამოდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა ბორჯომის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. სამმართველოში მისვლისას დაკავებულ პირებს მამუკა ხვედელიანის ბრძანებით მოხსნეს ხელბორკილები, აიყვანეს მეორე სართულზე, განათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში, სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ცემაში მონაწილეობდნენ მამუკა ხვედელიანი და პოლიციელები სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე და გიორგი ბლიაძე.
ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათები როგორც სახეზე, ასევე საჯდომზე. სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონიძე. ვინაიდან ცემის გამო მსხვერპლს სახიდან მოსდიოდა სისხლი, იგი პერიოდულად გაჰყავდათ საპირფარეშოში, სადაც ეს უკანასკნელი იბანდა სისხლიან სახეს. ცემისას ალექსანდრე ბლიაძემ მსხვერპლს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და ყური დაუწვა.
ამის შემდეგ ნაცემი დაზარალებული, პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანეს მაგიდასთან, გადახარეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს, რომ მასთან დაემყარებინა სექსუალური კავშირი, რის საპასუხოდაც გიორგი ბლიაძემ აიღო რკინის სკამი და სკამის ფეხი მსხვერპლს უკანა ტანში შეუყვანა. გაუპატიურების შემდეგ კი მსხვერპლი იატაკზე დააგდეს. ამის შემდეგ მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ გადაღებულ სურათებს ბაკურიანის ცენტრში გამოუქვეყნებდა თუკი ჭკუით არ იქნებოდა.
2. მეორე დანაშაულებრივი ეპიზოდი, რომელშიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი იმხილებოდა 2011 წლის 27 მაისს მოხდა, როცა დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორან “ბურჯებში” პოლიციის მუშაკებმა 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო უკანონოდ დააკავეს სამი პირი. აღნიშნული პირები მამუკა ხვედელიანის დავალებით წაიყვანეს ბორჯომის პოლიციის შენობაში, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს ადმინისტრაციული წესით თითქოსდა მათ, ერთმანეთში იჩხუბეს და სწორედ ამით დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. აღნიშნულ პირებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთ-ერთ მათგანს კი ჩაუმტვრიეს ნეკნი.
ზემოაღნიშნულ ქმედებათა გამო ბრალდებულებს მამუკა ხვედელიანს, სერგო სამსონიძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს ბრალი დაედოთ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიცაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება.
აღნიშნული ბრალდებები დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, როგორებიცაა ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები და სხვა, რომლებიც მოპოვებულ იქნა როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიების დროს.
ამ საქმის განხილვა რამოდენიმე თვე გრძელდებოდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. განაჩენის გამოტანამდე რამოდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების პირობით, რაც მოსამართლის სიტყვებით ყველასათვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა, რადგან ბრალდებულ პირთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადექვატური სასჯელი იქნებოდა მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში.
გუშინ, 2013 წლის 3 ივლისს სახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონიძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
პროკურატურას ჯერ დასაბუთებული განაჩენი არ მიუღია. განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი”, – განაცხადეს პროკურატურაში.

Information

This entry was posted on 04/07/2013 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე