„სასამართლომ აბსოლუტურად არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო“–ეს განცხადება, დღეს სამცხე–ჯავახეთის ოლქის მთავარმა პროკურორმა „ექოსთან“ საუბარში, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად კიდევ ოთხი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა.
გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ ეჭვმიტანილებმა თავის დროზე დანაშაული აღიარეს, თუმცა წინა პროცესზე თავიანთი ჩვენებები ერთდროულად შეცვალეს და განაცხადეს, რომ რასაც მათ გამოძიება ედავებოდა, მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„თუ რატომ შეცვალეს ჩვენებები ეჭვმიტანილებმა, მათ ეს დამაჯერებლად ვერ ახსნეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ წარვადგინეთ საკმარისი წერილობითი მტკიცებულებები, იმისათვის რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა, თუმცა საპირისპირო შედეგი მივიღეთ“ – ამბობს გიორგი პაპუაშვილი.
თუ რითი იყო მოტივირებული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, პროკურორი ვერ საუბრობს. დღეს სასამართლომ პროცესზე სარეზოლუციო ნაწილი წარადგინა. პროკურატურის ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებულ 14 დღის ვადაში სასამართლო უკვე სამოტივაციო ნაწილსაც წარადგენს.
იმის მიხედვით, თუ რა არგუმენტებს წარადგენს, მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ოთხი პირის გათავისუფლების შესახებ სამოტივაციო ნაწილში სასამართლო, ბრალმდებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა დაზარალებულის უფლებებისათვის ბოლომდე იბრძოლებს.
რა რეაქცია და შეფასებები მოჰყა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ოთხი პირის გათავისუფლებას სასამართლო დარბაზიდან. „მე–9 არხი“ დეტალებს „ექოს“ მთავარ გამოშვებაში 21:30 საათზე მოგაწვდით.
You must be logged in to post a comment.