30 ივნისს, ახალციხელობასთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. 9–დან 11:30 საათამდე შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისი აღევლინება, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება 18 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობები მიიღებენ. ღონისძიების ორგანიზატორები მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური საჩუქრებით 18:35 საათზე დაჯილდოვებენ. 18:45 საათზე ცნობილ ქართველ ხელოვანებს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, ვირტუოზ გიტარისტ თემურ ყვითელაშვილს და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს საპატიო ახალციხელის წოდება მიენიჭებათ. მესხ მსმენელს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით საღამოზე დასწრების საშუალება ექნება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ისინი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციებს შეასრულებენ. როგორც ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება რაბათის ისტორიულ ტერიტორიაზე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
You must be logged in to post a comment.