დღეს 13:00 საათზე, საქართველოს დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციას ახალციხელი ჟურნალისტებიც შეურთდნენ. ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად მედიის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გაერთიანდნენ.
„მთავრობავ გამოფხიზლდი“, „ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ჩვენი დამხარება სჭირდებათ“, „მთავრობავ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა შენი პასუხისმგებლობაა“ „მირზას ვჭირდებით“, ,,ერთი ჯიპით ნაკლები მთავრობავ!“– ამ ტრანსფარანტებით ახალციხეში ადმინისტრაციის შენობასთან ადგილობრივი ტელეკომპანია ,,მეცხრე არხისა” და გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტებმა აქცია გამართეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათ სამხარეო ადმინისტრაციის პრესამსახურის წარმომადგენელი ია გოგატიშვილი შეუერთდა.
ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი გადარჩენა მხოლოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ კი 10 დღის განმავლობაში ბავშვის კლინიკაში ( ვერონა, იტალია) გაგზავნა ვერ მოხერხდება, ის დაიღუპება. კლინიკა მოწვევას მხოლოდ მაშინ გამოგზავნის, როცა სამკურნალოდ საჭირო თანხა კლინიკის ანგარიშზე ჩაირიცხება. თანხა 100 000 ევროს შეადგენს. „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ და მირზა ცეცხლაძის ოჯახმა კეთილი ადამიანების დახმარებით ამ თანხის ნახევრის მობილიზება შეძლეს. დღესვე თბილისში, 12 წლის მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად, ჟურნალისტების მიერ გამართულ აქციაზე, ჯანდაცვის მინისტრი მივიდა. მისი განცხადებით, მოზარდს ოპერაციისათვის საჭირო თანხის დარჩენილ ნაწილს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს.
You must be logged in to post a comment.