
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს ახალი გამგებელი აირჩიეს. საკანონმდებლო ორგანოს 22–ვე დეპუტატის გადაწყვეტილებით, გამგეობის პირველი პირი ადგილობრივი მკვიდრი ლევან ცაბაძე გახდა.
ყოფილმა გამგებელმა ბესიკ ბექაურმა თანამდებობა 23 აპრილს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 10 დღის განმავლობაში საკრებულოში გამგეობის პირველი პირის პოსტზე 8 განაცხადი შევიდა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო 5–მა მათგანმა კონკურსის პირველი ეტაპი ვერ გადალახა.
13 მაისს კომისია დარჩენილ სამ კანდიდატს გაესაუბრა და მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით მათი გეგმები მოისმინა. საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე მელიქიძის განმარტებით, კომისიისთვის ყველაზე მისაღები ლევან ცაბაძის მიერ წარმოდგენილი გეგმა იყო.
გამგებლობის ერთ–ერთი ყოფილი კანდიდატი პაატა მაისურაძე საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ლევან ცაბაძემ საკრებულოში ყალბი დიპლომი წარადგინა.
„13 მაისს საკონკურსო კომისიის მიერ ლევან ცაბაძის შერჩევა გავასაჩივრე, თუმცა ჩემი საჩივარი კომისიამ არ განიხილა. საკრებულოს დეპუტატები დააშინეს და მას მხარი ყველა მათგანმა ამიტომ დაუჭირა“ – აცხადებს პაატა მაისურაძე.
ყოფილი კანდიდატი ახალი გამგებლის დანიშვნის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
თავის მხრივ, ლევან ცაბაძე ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი განმარტებით, სამომავლოდ სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელს პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის პრობლემების მოგვარება აქვს გადაწყვეტილი.