
მიხეილ სააკაშვილმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება 2013 წლის 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ N 15/05/01 2013 წლის 15 მაისი ქ.თბილისი
1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ. 2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები .
მიხეილ სააკაშვილი.
16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების ინიციატივით საქართველოს მთავრობა გამოვიდა და პრეზიდენტს მიმართა. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს, მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. რომლის შედეგადაც სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე– კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, კაპრალი ვლადიმერ შანავა და უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე დაიღუპა.