
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურა ტაბიძე სამართალდამცავებმა 17 აპრილს, 20:30 საათზე, ქალაქ ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე, კომპანია ,,ლუკოილთან“ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ,,.ექოსთან“ სატელეფონო საუბარში სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს განყოფილების უფროსმა ლერი სარაიდაროვმა აღნიშნა, რომ რწმუნებულმა პირუტყვის შეძენისათვის 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი დოკუმენტაცია დაამზადა. ტაბიძესტან ერთად პოლიციამ საქმეში თანამონაწილე ავთანდილ აბჟანდაძეც დააკავა.
ზურაბ ტაბიძე ადიგენის მუნიციპალიტეტში, გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად 2010 წლიდან მუშაობდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი მას პატიოსან პიროვნებად ასახელებს და აცხადებს, რომ დაკისრებულ საქმეს კარგად ასრულებდა. სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ პოლიციისგან წერილობით შეიტყო და სხვა არაფერი იცის.
ზურაბ ტაბიძეს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 338 –ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც 6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველო იძიებს.