
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები ხვალ სამცხე–ჯავახეთს ესტუმრებიან. პირველი ვიზიტი რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტშია“ დაგეგმილი, სადაც საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„ტოლერანტში“ შეხვედრა 11:00 საათზეა დაგეგმილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი განმარტავს, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლები დეპორტირებული მესხებისა და „რეგიონული ენის ქარტიის“ საკითხებით დაინტერესდებიან. დელეგაცია სხვა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
სტუმრების ვიზიტი, ასევე, დაგეგმილია ახალციხის განახლებულ ციხეშიც.
„ევროსაბჭოს წარმომადგენლები რაბათს დაათვალიერებენ და ასევე მოხდება განმარტება, თუ რა შეცდომები დაუშვეს ციხის აღდგენის პროცესში“ – აცხადებს კომპლექსის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი.
ხვალვე, დაგეგმილია ლანჩი სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც სტუმრები ახალქალაქში გაემგზავრებიან. მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს სამცხე–ჯავახეთში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სედა მელქუმიანი და რეგიონში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ედუარდ აღასარიანი უმასპინძლებენ.
ახალქალაქში შეხვედრა 16:30 საათზეა დაგეგმილი.
ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ქვეყანას ისინი 12 აპრილს დატოვებენ.